ნიდერლანდებიდან თბილისში – ქართველი ვიზაჟისტი საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად ბრუნდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაკიაჟით გატაცება, რომელიც ჰობიდან პროფესიად იქცა – ასე დაიწყო მარიამ გულბანის გზა, რომელიც დღეს ნიდერლანდებში წარმატებულ ვიზაჟისტად მუშაობს. საერთაშორისო განათლების, მოდის ინდუსტრიის პრესტიჟულ პროექტებსა და პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის პირველად გეგმავს საქართველოში პროფესიონალური მასტერკლასის ჩატარებას. Paris Fashion Week-დან და Fashionclash Festival-იდან თბილისამდე – მარიამი საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და პროფესიისადმი სიყვარულს ქართველი ქალებისა და მაკიაჟის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის გაზიარებას აპირებს.

სილამაზის ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯებიდან საერთაშორისო გამოცდილებამდე

მარიამ გულბანის გზა სილამაზის სფეროში საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო – მაკიაჟი ყოველთვის მისი დიდი გატაცება იყო, ბავშვობიდანვე აინტერესებდა მაკიაჟით ექსპერიმენტები და ახალი სახეების შექმნა. თავდაპირველად ეს მხოლოდ ჰობი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც ყოველდღე სურდა.

"ეს მომენტი მაშინ დადგა, როდესაც დავინახე, რამდენად დიდ კმაყოფილებას მანიჭებდა ადამიანებთან მუშაობა და მათი ბედნიერი რეაქციის ხილვა საბოლოო შედეგის დანახვისას. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მაკიაჟი ჩემთვის მხოლოდ ჰობი აღარ იყო და ამ სფეროში საკუთარ პროფესიულ მომავალს ვხედავდი".

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც მარიამი პროფესიონალურ საქმიანობამდე მიიყვანა, იყო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი თავისთვის მეტი შესაძლებლობა მიეცა და მუდმივად განევითარებინა პროფესიული უნარები.

"სწორედ ამ მომენტიდან მაკიაჟი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისა და კარიერის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშეს ჩემთვის ძვირფასმა ქალბატონებმა, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობენ და მუდამ მამხნევებდნენ, რომ საკუთარი ნიჭი სრულად გამომეყენებინა და იმ გზას გავყოლოდი, რასაც გული მკარნახობდა", – აღნიშნავს ვიზაჟისტი.

ნიდერლანდებში მიღებული გამოცდილება

ნიდერლანდებში ცხოვრებამ და მუშაობამ დიდი გავლენა მოახდინა მარიამის პროფესიულ განვითარებაზე – მას ჰქონდა შესაძლებლობა, ემუშავა სხვადასხვა კულტურის, ასაკისა და გარეგნული მახასიათებლების მქონე ადამიანებთან, რამაც მნიშვნელოვნად გაუფართოვა ხედვა.

"აქ ვისწავლე, რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან და მათი სურვილებისა და თავისებურებების გათვალისწინება. მრავალფეროვან გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ უფრო მოქნილი, თავდაჯერებული და პროფესიონალი გამხადა".

ის აღნიშნავს, რომ მასზე ყველაზე მეტად ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმის მიდგომამ იმოქმედა. მან ისწავლა, რომ მაკიაჟის მთავარი მიზანი ადამიანის შეცვლა კი არა, მისი ბუნებრივი სილამაზისა და გარეგნული მახასიათებლების საუკეთესოდ წარმოჩენაა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მაკიაჟიც სწორედ მის ინდივიდუალურ ნაკვთებს, კანის თავისებურებებსა და გარეგნულ მახასიათებლებს უნდა მოერგოს. შევისწავლე სახის სწორად მომზადება მაკიაჟისთვის, კანის ტიპებისა და ქვეტონების განსაზღვრა, სახის, თვალებისა და წარბების ფორმების შეფასება, ასევე შესაბამისი პროდუქტებისა და ფერების შერჩევა. ამ ცოდნამ საშუალება მომცა, უფრო პროფესიონალურად და გააზრებულად მივუდგე თითოეულ კლიენტს".

მარიამისთვის მაკიაჟი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ვიზუალური შედეგი – ის ადამიანებს ხშირად მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს, ეხმარება საკუთარი თავის უფრო ლამაზად, ძლიერად და თავდაჯერებულად აღქმაში.

"განსაკუთრებულ ბედნიერებას მანიჭებს ქალბატონების გალამაზება და მათი სიხარულის დანახვა, როდესაც საბოლოო შედეგს ხედავენ. ეს არის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულითა და მონდომებით ვაკეთებ, რადგან ჩემთვის მაკიაჟი მხოლოდ პროფესია კი არა, საკუთარი თავის გამოხატვისა და ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭების საშუალებაა".

განათლება და პროფესიული განვითარება

Jemima Academy-ში სწავლა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პროფესიულ გზაზე. მარიამ გულბანმა ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში მიიღო როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რამაც მაკიაჟის მიმართ მისი ხედვა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.

"სწორედ ამ აკადემიაში გავიარე პროფესიული ტრენინგი და მივიღე All Round Makeup Artist-ის სერტიფიკატი. პროგრამამ მომცა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ პროფესიული თავდაჯერებულობაც, რაც აუცილებელია წარმატებული ვიზაჟისტისთვის. გარდა ამისა, სწავლამ დამარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა, მუდმივად განვვითარდე და გავიზარდო ჩემს პროფესიაში".

მისი თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის – პროფესიონალიზმისთვის აუცილებელია განვითარება და სწავლა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიეღო განათლება და შეეძინა ცოდნა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ სფეროში უკვე წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ.

"გარდა ამისა, ნიდერლანდებში ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა, ახლოდან გამეცნო თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია, საერთაშორისო ტენდენციები და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება მიმეღო, ასევე განათლება, რომელიც საერთაშორისო დონეზე იქნებოდა აღიარებული და მომცემდა შესაძლებლობას, ჩემი პროფესია უფრო მაღალ საფეხურზე ამეყვანა. მუდამ ვცდილობ გავიზარდო როგორც პროფესიონალი და ჩემს კლიენტებს საუკეთესო მომსახურება შევთავაზო".

საერთაშორისო პროექტები

მარიამ გულბანი მონაწილეობდა Paris Fashion Week-ში, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი და გამორჩეული გამოცდილება იყო. ამ ღონისძიების ფარგლებში მუშაობდა როგორც ქართველი მოდელის, სალომე პრესერის, პირადი ვიზაჟისტი.

"ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდის ღონისძიებაში მონაწილეობა. ამ შესაძლებლობას დიდი ენთუზიაზმით შევხვდი. გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი – დიზაინერები, ფოტოგრაფები, მოდელები და მოდის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები. სწორედ იქ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ეს გარემო ძალიან ახლოს არის ჩემს ინტერესებთან და საკუთარ თავს ამ სამყაროს ნაწილად ვგრძნობ.

როგორც ვიზაჟისტი, ვესწრებოდი ჩვენებებს და კულისებიდან ვუყურებდი, თუ როგორ მიმდინარეობდა მოდელებთან მუშაობის პროცესი. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გამოცდილება, რომელმაც კიდევ უფრო გამიღრმავა სიყვარული ჩემი პროფესიის მიმართ".

სალომე პრესერთან მუშაობა, მისი თქმით, ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლო გამოცდილება იყო.

"ჩვენი ოჯახები ერთმანეთს კარგად იცნობენ, ორივე ქართველი ვართ და ორივე ნიდერლანდებში ვცხოვრობთ. წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და დღეს მას ოჯახის წევრად ვთვლი. ჩემთვის დიდი პატივი იყო მისთვის მაკიაჟის გაკეთება Paris Fashion Week-ის ფარგლებში და მისი ხილვა პოდიუმზე იმ ლუქით, რომლის შექმნაში მეც შევიტანე ჩემი წვლილი.

ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები წარმომეჩინა, არამედ გარკვეულწილად საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც წარმედგინა. სალომესთან თანამშრომლობა იყო ძალზე კომფორტული, სასიამოვნო და შთამაგონებელი. უაღრესად ვამაყობ მისით და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ Paris Fashion Week-ის ნაწილი გავხდი".

მისი თქმით, Fashion Week-ისთვის შექმნილი მაკიაჟი მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველდღიური ან კომერციული მაკიაჟისგან. ასეთ ღონისძიებებზე მთავარი აქცენტი დიზაინერის ხედვასა და კოლექციის კონცეფციაზე კეთდება. მაკიაჟი უნდა ერწყმოდეს მთლიან ლუქს, ამიტომ ის შეიძლება იყოს უფრო შემოქმედებითი, თამამი ან პირიქით – ძალიან ბუნებრივი და მინიმალისტური.

"ყოველდღიურ და კომერციულ ვიზაჟში მთავარი მიზანი ადამიანის სილამაზის ხაზგასმა და პრაქტიკულობაა. მოდის ინდუსტრიაში კი მაკიაჟი პირველ რიგში დიზაინერის კონცეფციას უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მაკიაჟი კონკრეტულ ლუქს, სამოსსა და საერთო იდეას მაქსიმალურად მოვარგო".

მარიამ გულბანი ასევე მონაწილეობდა Fashionclash Festival-ზე, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა. ამ პროექტში მონაწილეობა Coaching by Sydney-ს მოწვევით მიიღო.

მისი თქმით, იმ დღეს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა მაკიაჟი როგორც მოდელებისთვის, ასევე დიზაინერებისთვის.

"დღე საკმაოდ დატვირთული და ენერგიული იყო, თუმცა იმდენად მსიამოვნებდა პროცესი, რომ ყველაფერს დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით ვაკეთებდი.

ღონისძიების ბოლოს დიზაინერთან ერთად, როგორც ვიზაჟისტი, კულისებიდან ვმონაწილეობდი, მოგვიანებით კი თავადაც შემომთავაზეს მოდელის როლში მონაწილეობა, რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.

ამ პროექტმა კიდევ უფრო გამიღრმავა სიყვარული სილამაზისა და მოდის სამყაროს მიმართ. მაკიაჟის სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ ყოველდღიური ლუქებისგან, რომლებთანაც ჩვეულებრივ ვმუშაობ. თითოეული დიზაინერისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრებოდა, თუ რომელი მაკიაჟი შეეფერებოდა საუკეთესოდ კონკრეტულ მოდელსა და სამოსს. მიღებული დადებითი შეფასებების შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორედ ამ სფეროში ვგრძნობ თავს საკუთარ ადგილას".

გარდა ამისა, მარიამმა Miss Zeeland-ის კონკურსის მონაწილეების გარეგნობაზეც იზრუნა. ამ პროექტში მონაწილეობა Jemima Academy-ს სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიიღო, სადაც კონკურსის ოფიციალურ ვიზაჟისტებად რამდენიმე სტუდენტი შეირჩა.

"ყველაზე მეტად მსიამოვნებდა მონაწილეების რეაქციის ხილვა მაკიაჟის დასრულების შემდეგ. აშკარად ჩანდა, როგორ ემატებოდათ თავდაჯერებულობა და უხაროდათ საკუთარი თავის სარკეში დანახვა. მათი ბედნიერება მეც მაბედნიერებდა და კიდევ ერთხელ მახსენებდა, თუ რატომ მიყვარს ეს პროფესია.

ამ პროექტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ის, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის მაკიაჟზეც ვმუშაობდი, იმავე დღეს Miss Beauty of Zeeland-ის ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირადი მიღწევა იყო, ჩემთვისაც განსაკუთრებული სიხარულისა და სიამაყის მიზეზი გახდა, რადგან მეც შევძელი მისი განსაკუთრებული დღის მცირე ნაწილად ქცევა".

თბილისი და პირველი მასტერკლასი

მარიამ გულბანისთვის საქართველოში ამ ფორმატით დაბრუნება ბუნებრივი და ამავდროულად, ემოციურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, მიყვარს ჩემი სამშობლო, ქვეყანა, სადაც დავიბადე, სადაც ჩემს ენაზე ვსაუბრობ, სადაც ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი ცხოვრობს და სადაც ჩემი გული ყოველთვის რჩება. ნიდერლანდებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რაც იქ მივიღე, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემი იდენტობა ყოველთვის ქართველი ქალი იყო და რჩება.

წლების განმავლობაში ნიდერლანდებში დაგროვებულმა გამოცდილებამ, სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან მუშაობამ და საერთაშორისო სტანდარტებმა ძალიან დიდი ცოდნა მომცა. ახლა კი ვგრძნობ, რომ სწორედ ის ეტაპი დადგა, როცა ეს გამოცდილება ჩემს ქვეყანაში უნდა გავაზიარო, პროფესიულად გადავცე და ახალი თაობის განვითარებას ხელი შევუწყო".

მარიამის თქმით, ეს მასტერკლასი განკუთვნილია როგორც დამწყები ვიზაჟისტებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. დამწყებთათვის ის იქნება მყარი საფუძველი – ტექნიკის, სტანდარტებისა და სწორად მუშაობის შესასწავლად. ხოლო პროფესიონალებისთვის – შესაძლებლობა, გააღრმავონ ცოდნა და გაეცნონ თანამედროვე საერთაშორისო მიდგომებს.

"მონაწილეებს გავუზიარებ როგორც ტექნიკურ ცოდნას, რაც ჩემი პროფესიული სწავლებისა და განვითარების პროცესში მიმიღია, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში დამიგროვდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანის მომზადებას, სწორი პროდუქტების შერჩევას, ხანგრძლივად მდგრად მაკიაჟს, დღისა და საღამოს მაკიაჟის ტექნიკებს, ასევე თითოეულ ქალთან ინდივიდუალურ მიდგომას".

ვიზაჟისტი აღნიშნავს, რომ ამ მასტერკლასის მთავარი განსხვავება მისი პრაქტიკაზე დაფუძნებული ხასიათი და რეალური სამუშაო გამოცდილების გულწრფელი გაზიარებაა. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას, რომელიც პირდაპირ გამოიყენება ყოველდღიურ პროფესიულ პრაქტიკაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ინდივიდუალურ მიდგომაზე თითოეულ მონაწილესთან და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზე, რაც მასტერკლასს უფრო რეალურ, პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ გამოცდილებად აქცევს.

"განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს იქნება ჩემი პირველი მასტერკლასი საქართველოში. მისი ჩატარება თბილისის ფარგლებში მიმდინარე წლის 7-21 ოქტომბრის პერიოდში იგეგმება.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება და თითოეულ მასტერკლასზე დასწრებას მაქსიმუმ 10-15 ქალბატონი შეძლებს, რაც საშუალებას მომცემს, თითოეულ მონაწილეს მეტი ყურადღება და ინდივიდუალური რეკომენდაციები მივცე.

მასტერკლასის განმავლობაში დეტალურად გავუზიარებ ჩემს პროფესიულ ცოდნას, გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებსა და სამუშაო ტექნიკებს. ასევე ჩავატარებ მაკიაჟის სრულ ლაივ დემონსტრაციას მოდელზე, რათა მონაწილეებმა ყველა ეტაპი რეალურ დროში იხილონ და უკეთ გაიაზრონ პროცესი".

მასტერკლასის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. დამატებითი ინფორმაცია, რეგისტრაციის დეტალები და ყველა სიახლე ხელმისაწვდომი იქნება მარიამ გულბანის Instagram გვერდზე – GlambyGulbani.

გზავნილი და სამომავლო გეგმები

"ჩემთვის ქართული ფესვების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ჩემი იდენტობა ყოველთვის მყარად რჩება, მიუხედავად იმისა, სად ვცხოვრობ ან ვმუშაობ. ვამაყობ იმით, საიდანაც მოვდივარ – ჩემი კულტურა, ჩემი ენა და ჩემი ოჯახი ჩემი პიროვნების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში უკვე მოვიწყვე ცხოვრება და კარიერა, ჩემი ქართული წარმომავლობა ყოველთვის რჩება ჩემს საფუძვლად და საყრდენად. ეს მეხმარება, რომ საკუთარ თავთან ახლოს დავრჩე და ჩემი საქმე გულწრფელობითა და ხასიათით ვაკეთო. შენი წარმომავლობა შეიძლება იყოს შენი ყველაზე დიდი ძალა პროფესიულ გზაზე".

მარიამის თქმით, მას სურს თითოეულ ადამიანს დაანახოს, რომ ოცნებებსა და ამბიციებს საზღვრები არ გააჩნია – ერთგულებით, დისციპლინითა და გატაცებით განვითარება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც კარიერას სხვა ქვეყანაში იწყებ ან აგრძელებ.

მარიამი ყველა დამწყებ ვიზაჟისტს ურჩევს, რომ სერიოზულად მიუდგნენ ჰობის, რომელიც შესაძლოა ნამდვილ პროფესიად გადაიქცეს, რაც დიდი შრომისა და განვითარების ფასად მოდის.

"აკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ. ისწავლეთ მუდმივად, ივარჯიშეთ მაქსიმალურად და ნუ შეგეშინდებათ დაწყების, თუნდაც თავიდან ყველაფერი იდეალურად არ გამოგდიოდეთ. ამ სფეროში პროფესიონალური დონე გამოცდილებითა და შრომისმოყვარეობით იზრდება".

ვიზაჟისტის მიზანია, რომ კარიერის განვითარება საერთაშორისო დონეზე განაგრძოს, პარალელურად კი შეინარჩუნოს ძლიერი კავშირი საქართველოსთან. მისი თქმით, სურს, რომ სამშობლო სიამაყით წარმოაჩინოს და საკუთარი სახელი საერთაშორისო სივრცეშიც დაიმკვიდროს.

"სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი ცოდნის გაზიარებას მასტერკლასების საშუალებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ჩემი საქმიანობის გაფართოებას ბიუთი ინდუსტრიაში პროფესიულ და საერთაშორისო დონეზე.

ჩემთვის განვითარება უწყვეტი პროცესია – მინდა მუდმივად ვისწავლო, განვვითარდე და გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში და ბაზარზე გავზარდო", – ამბობს მარიამ გულბანი