რატი ქირია – პირველი ქართველი Study UK Global Alumni Awards-ის ფინალში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Study UK Global Alumni Awards 2026-ის ისტორიაში პირველად, Business&Innovation კატეგორიის გლობალურ ფინალისტებს შორის ქართველი ინოვატორი დასახელდა.
British Council-ის ოფიციალური მონაცემებით, 19 ქვეყნისა და 26 წამყვანი ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შორის, 28 გლობალურ ფინალისტს შორის ადგილი "ტრეიდერების ჰაბის" დამფუძნებელმა და University of Stirling-ის კურსდამთავრებულმა, რატი ქირიამ დაიკავა.
British Council-ის მიერ ორგანიზებული ეს პრესტიჟული გლობალური ჯილდო ყოველწლიურად ავლენს ბრიტანული უნივერსიტეტების იმ საერთაშორისო კურსდამთავრებულებს, რომლებმაც თავიანთ სფეროებში, ბიზნესსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, გამორჩეული ცვლილებები და ინოვაციები განახორციელეს.
ეს საერთაშორისო აღიარება უპირველესად უკავშირდება თავად რატი ქირიას ხედვასა და ფინანსურ სექტორში მის მიერ განვლილ პროფესიულ გზას. University of Stirling-ში მიღებული სიღრმავეური ცოდნა მან საქართველოში ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის მშენებლობას მოახმარა, სადაც მთავარ მიზნად ახალგაზრდებისთვის გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან პრაქტიკული წვდომის შექმნა დასახა. რატი ქირიას ლიდერობით "ტრეიდერების ჰაბი" იქცა პლატფორმად, რომელმაც ტრადიციული აკადემიური სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებთან და რეალურ ინვესტირებასთან დააკავშირა.
ჟიურის გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ქართველი ინოვატორის ავტორობით შექმნილმა მასშტაბურმა პროექტებმა, როგორიცაა საქართველოში პირველი Student-Managed Investment Lab-ის დაფუძნება და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ინიციატივების დანერგვა. კატეგორიის გლობალური გამარჯვებულები აგვისტოს შუა რიცხვებში გამოვლინდებიან, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფინალისტთა შორის დასახელება უკვე ადასტურებს, რომ რატი ქირიას მიერ საქართველოში დაწყებულმა საგანმანათლებლო ტრანსფორმაციამ საერთაშორისო მასშტაბის გავლენა მოიპოვა.
"Study UK Alumni Awards აერთიანებს დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს მთელი მსოფლიოდან და წარმოაჩენს ადამიანებს, რომლებმაც ბრიტანეთში მიღებული განათლება საკუთარ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესაქმნელად გამოიყენეს.
ამ სიაში მოხვედრა ჩემთვის ნიშნავს, რომ საქართველოში ფინანსური განათლების, საინვესტიციო ეკოსისტემისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით განხორციელებულმა საქმიანობამ საერთაშორისო დონეზე დაიმსახურა აღიარება. ეს მხოლოდ პირადი მიღწევა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველო გლობალურ საგანმანათლებლო და ბიზნესსივრცეში წარმოვაჩინოთ, როგორც ქვეყანა, სადაც იქმნება მასშტაბური, ინოვაციური და საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივები.
პირველი ქართველი გლობალური ფინალისტის სტატუსი ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა. ეს შედეგი ადასტურებს, რომ საქართველოდან დაწყებულ ინიციატივას შეუძლია საერთაშორისო ყურადღების მოპოვება და გლობალურ დონეზე კონკურენცია. ოფიციალური შეტყობინების მიღება ძალიან ემოციური იყო. პირველ რიგში, ვიგრძენი სიამაყე იმ გუნდის, სტუდენტებისა და პარტნიორების მიმართ, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იმუშავეს. ამ შედეგამდე ერთი ადამიანის ძალისხმევით ვერ მივიდოდით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ ამ პლატფორმაზე არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ჩემს საქმიანობას, არამედ საქართველოსა და Wider Europe-ის რეგიონსაც წარმოვადგენ", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს რატი ქირია, "ტრეიდერების ჰაბის" დამფუძნებელი.
როდესაც Business&Innovation-ის კატეგორიაში გლობალურ მასშტაბებსა და უსასტიკეს კონკურენციაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა არის მთავარი კომპონენტი, რაც საერთაშორისო ჟიურის ყურადღებას იპყრობს? მსოფლიოს წამყვან ინოვატორებს შორის გამორჩევა მხოლოდ ამბიციურ იდეას არ უკავშირდება – აქ გადამწყვეტია რეალური, გაზომვადი გავლენა ადგილობრივ ეკოსისტემაზე. რატი ქირიასა და "ტრეიდერების ჰაბის" შემთხვევაში, ასეთი გარდამტეხი მიგნება აღმოჩნდა თეორიული აკადემიური ცოდნის გარდაქმნა ცოცხალ, პრაქტიკულ საინვესტიციო გამოცდილებად.
"ტრეიდერების ჰაბი" მხოლოდ სასწავლო პლატფორმა არ არის. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ახალგაზრდები ფინანსურ ბაზრებს თეორიულად კი არ სწავლობენ, არამედ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ: მონაწილეობენ საინვესტიციო ფონდების მართვაში, მუშაობენ რეალურ ან სიმულირებულ საბაზრო გარემოში, ივითარებენ რისკის მართვის უნარებს და იღებენ გადაწყვეტილებებს გუნდური პასუხისმგებლობის პირობებში.
ვფიქრობ, ყურადღება ასევე მიიპყრო საქართველოში პირველი სტუდენტების მიერ მართული საინვესტიციო ფონდის შექმნამ, ფინანსური განათლების უნივერსიტეტებსა და სკოლებში დანერგვამ და AI-ზე დაფუძნებული მრავალენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის განვითარების ხედვამ.
ამ მხრივ გამორჩეულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სადაც უკვე რამდენიმე წელია პირველი სტუდენტური საინვესტიციო ლაბი წარმატებით ფუნქციონირებს და სტუდენტების დახმარებით ის სოლიდურ ფინანსურ ზრდაშია. ეს ინოვაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ინოვაციების მიმართ, რის გამოც არ დავზარდები იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ რობაქიძის უნივერსიტეტი ძალიან თანამედროვე უნივერსიტეტია და ჰყავს ღირსებული რექტორის მოადგილე, ბატონი ვახტანგ ჭარაია, რომელიც ასევე გახლავთ ბიზნესის ადმინისტირების სკოლის დეკანი", – აღნიშნავს Study UK Global Alumni Awards 2026-ის ქართველი ფინალისტი.
ამ საერთაშორისო წარმატების ერთ-ერთ მთავარ საძირკვლად სწორედ Student-Managed Investment Lab იქცა – პროექტი, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული წლობით დაგროვილი ვაკუუმი გაარღვია. ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, სადაც სტუდენტი მხოლოდ პასიური მსმენელია, ინვესტიციების ლაბორატორიაში ახალგაზრდები თავად მართავენ პროცესს და იღებენ პასუხისმგებლობას რეალურ ფინანსურ შედეგებზე.
პროგრამის პირველ ეტაპზე მონაწილეები სიღრმისეულად შეისწავლიან ფუნდამენტურ და ტექნიკურ ანალიზს, პორტფელის მართვას, რისკის შეფასებასა და საინვესტიციო ეთიკას. შემდგომ საფეხურზე კი ისინი რეალურ პროფესიულ ამპლუას ირგებენ – ირჩევენ ფონდის მენეჯერებს, ანალიტიკოსებსა და რისკ-მენეჯერებს. სტუდენტები იკვლევენ ამერიკულ, ბრიტანულ თუ ევროპულ გოლიათ კომპანიებს, ამზადებენ არგუმენტირებულ საინვესტიციო განაცხადებს და იღებენ კოლექტიურ გადაწყვეტილებებს.
ამ უნიკალური მოდელის მთავარი ღირებულება სწორედ ის პრაქტიკული გამოცდილებაა, რომელიც ახალგაზრდას ასწავლის არა მხოლოდ აქტივის შეფასებას, არამედ საკუთარი პოზიციის დაცვას, გუნდურ მუშაობასა და რისკების გააზრებულ მართვას. ამ პროცესის გამჭვირვალობასა და დინამიკას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თვალი მიადევნოს ტრეიდერების ჰაბის ოფიციალურ პლატფორმაზე, სადაც Live-რეჟიმშია წარმოდგენილი როგორც პორტფოლიოს მონაცემები, ისე იმ სტუდენტების მიღწევები, რომლებიც ამ სისტემას წარმატებით ამუშავებენ.
თუმცა, თანამედროვე ეპოქაში ინოვაცია წარმოუდგენელია ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გარეშე. სწორედ ამიტომ, საკონკურსო განაცხადის კიდევ ერთ გადამწყვეტ დასაყრდენად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ინიციატივები იქცა. იმ სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი უსაზღვროა, AI-ის მთავარ მისიად განათლების პერსონალიზაცია და მისი აბსოლუტური ხელმისაწვდომობა გვევლინება.
როგორც რატი ქირია აღნიშნავს, "ტრეიდერების ჰაბი" ამჟამად მუშაობს AI-ზე დაფუძნებულ მრავალენოვან საგანმანათლებლო ეკოსისტემაზე. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიტიკის სინთეზით შესაძლებელი ხდება სასწავლო მასალის მორგება თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცოდნის დონეზე.
"ჩვენ ვმუშაობთ AI-ზე დაფუძნებულ მრავალენოვან საგანმანათლებლო ეკოსისტემაზე, რომლის მიზანია ფინანსური განათლება უფრო პერსონალიზებული, ინტერაქციული და ხელმისაწვდომი გახადოს.
ამ მიმართულებით ვიყენებთ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიებს, მონაცემთა ანალიტიკასა და რეკომენდაციის სისტემებს. მათი დახმარებით შესაძლებელი ხდება სასწავლო მასალის ადაპტირება მომხმარებლის ცოდნის დონესთან, რთული ფინანსური ცნებების მარტივად ახსნა, ინდივიდუალური სავარჯიშოების გენერირება და პროგრესის გაანალიზება.
AI არ უნდა განვიხილოთ, როგორც ლექტორის ჩანაცვლება. ჩვენთვის ის არის ინსტრუმენტი, რომელიც სწავლას უფრო პერსონალურსა და უწყვეტს ხდის. მომხმარებელს შეუძლია მისთვის გასაგებ ენაზე დასვას შეკითხვები, მიიღოს დამატებითი განმარტებები და იმუშაოს პრაქტიკულ სცენარებზე. ამ გზით ფინანსური განათლება აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ფიზიკურ აუდიტორიაზე, კონკრეტულ დროსა თუ ერთ ენაზე.
შემოდგომიდან ტრეიდერების ჰაბის პლატფორმაზე კიდევ უფრო ძლიერ და საინტერესო AI-ის მოდელებს შეხვდებიან ჩვენი მონაწილეები თუ, უბრალოდ, დაინტერესებული პირები. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და ვატარებთ საინტერესო ექსპერიმენტებს, რომ ქართულ ფინანსურ ეკოსისტემაში მივიღოთ ძლიერი და საინტერესო ხელსაწყოები", – განმარტავს რატი ქირია.
საერთაშორისო აღიარებას თან სდევს გლობალური შესაძლებლობების სრულიად ახალი ჰორიზონტიც. Study UK Global Alumni Awards-ის ფინალისტის სტატუსი "ტრეიდერების ჰაბს" პირდაპირ წვდომას აძლევს British Council-ის ფართო საერთაშორისო ქსელზე, სადაც 18 ქვეყნის გამორჩეული ინოვატორები არიან გაერთიანებულნი. ეს არის პლატფორმა ერთობლივი კვლევების, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსების შესაქმნელად.
უფრო მეტიც, ეს აღიარება სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი იმპულსი აღმოჩნდა კომპანიის გლობალური გაფართოების გზაზე, რაც ამერიკული ბაზრის ათვისებას უკავშირდება.
"ფინალისტების ქსელი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა სფეროში მომუშავე ლიდერები 18 ქვეყნიდან. უკვე დაიწყო საერთო საერთაშორისო ქსელის ფორმირება და ერთმანეთის საქმიანობის გაცნობა. თითოეულ ფინალისტს საკუთარ ქვეყანაში განსხვავებული გამოცდილება და გავლენის სფერო აქვს, რაც სამომავლო თანამშრომლობისთვის ძალიან კარგ საფუძველს ქმნის.
განსაკუთრებულ პოტენციალს ვხედავ ფინანსური განათლების, ახალგაზრდული მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. შესაძლებელია ერთობლივი კვლევების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსებისა და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისთვის საერთო საინვესტიციო სიმულაციების შექმნა.
ჩემთვის ამ აღიარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ეს ქსელია – შესაძლებლობა, რომ ქართული ინიციატივები დავაკავშიროთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივად შექმნილი მოდელი სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ.
აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ "ტრეიდერების ჰაბი" ამერიკულ ბაზარზე ეტაპობრივად დაიწყებს პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმას, რასთან დაკავშირებით ეს აღიარება დროული იყო ჩვენი პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებთანაც უკვე ამ წლის сექტემბერში ჩანიშნული მაქვს შეხვედრები სან-ფრანცისკოში", – აღნიშნავს რატი ქირია.
საერთაშორისო მასშტაბებსა და გლობალურ გეგმებთან ერთად, უმთავრეს ამოცანად კვლავ ადგილობრივ დონეზე ფინანსური წიგნიერების ამაღლება რჩება. საქართველოში ეს სფერო ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად ითვლება, თუმცა რეალური ცვლილება სწორედ იმ ახალგაზრდების აზროვნებაში ჩანს, რომლებიც ამ საგანმანათლებლო პროგრამებს გადიან.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის დამოკიდებულების გარდაქმნა. პროგრამის დასაწყისში ბევრ ახალგაზრდას ფინანსური ბაზრები სწრაფ მოგებასთან ან მარტივ სპეკულაციასთან აქვს დაკავშირებული. სწავლის პროცესში კი აცნობიერებენ, რომ წარმატებული ინვესტირება ეფუძნება ცოდნას, დისციპლინას, რისკის მართვასა და გრძელვადიან ხედვას.
ისინი იწყებენ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების გააზრებულ მართვას, სწავლობენ ინფორმაციის გადამოწმებას და აღარ იღებენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სოციალური მედიის რჩევების ან ემოციის საფუძველზე. ასევე იცვლება მათი დამოკიდებულება წარუმატებლობის მიმართ – დანაკარგს აღარ აღიქვამენ მხოლოდ მარცხად, არამედ სწავლობენ მისი მიზეზების გაანალიზებასა და პროცესის გაუმჯობესებას.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სტუდენტები მიღებულ ცოდნას საკუთარ ოჯახებშიც ავრცელებენ, იწყებენ დაზოგვას, ქმნიან საინვესტიციო გეგმებს ან თავად ავითარებენ ფინანსურ და ტექნოლოგიურ პროექტებს. სწორედ ასეთი ქცევითი ცვლილებები ქმნის გრძელვადიან საზოგადოებრივ შედეგს", – გვიზიარებს რატი ქირია.
წინ აგვისტოს შუა რიცხვებია – პერიოდი, როდესაც კატეგორიის გლობალური გამარჯვებულები ოფიციალურად გამოვლინდებიან. თუმცა, შედეგის მიუხედავად, მსოფლიოს საუკეთესო ფინალისტთა შორის საქართველოს სახელით მოხვედრა უკვე უდიდესი გამარჯვება და ახალი საერთაშორისო ნდობის საწყისია.
"რა თქმა უნდა, გამარჯვების სურვილი მაქვს. გლობალურ ფინალში საქართველოს პირველად წარდგენა უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა გამარჯვება მოგვცემდა შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა და განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო.
ამასთან, ჩემთვის ეს პროცესი მხოლოდ საბოლოო შედეგით არ განისაზღვრება. ფინალისტის სტატუსმა უკვე მოგვცა საერთაშორისო ნდობა, ახალი პარტნიორული კავშირები და შესაძლებლობა, "ტრეიდერების ჰაბის" საგანმანათლებლო მოდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ განვავითაროთ.
ეს აღიარება გააძლიერებს ჩვენს გეგმებს AI-ზე დაფუძნებული მრავალენოვანი პლატფორმის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტების მიერ მართული საინვესტიციო ლაბორატორიების მიმართულებით. ასევე მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო იმის საჩვენებლად, რომ საქართველოშიც შესაძლებელია ისეთი ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების შექმნა, რომლებიც გლობალური მასშტაბით საინტერესო და კონკურენტუნარიანია.
შედეგის მიუხედავად, ეს უკვე მნიშვნელოვანი ეტაპია – თუმცა, ბუნებრივია, უნდა დავაფასოთ კატეგორიაში ის 6 საერთაშორისო მონაწილე, რომლებსაც არანაკლებ საინტერესო და ინოვაციური მიგნებები აქვთ შექმნილი, რომლებიც საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე. პატივია მათთან ერთად ამ ფინალისტობის გაზიარება და ვფიქრობ, მათთან კონტაქტით კიდევ უფრო ღირებულ და მნიშვნელოვან პროექტებს შევთავაზებთ მსოფლიოს", – ამბობს რატი ქირია.
"ტრეიდერების ჰაბის" სამომავლო გეგმები უკვე სცდება ლოკალურ საზღვრებს. კომპანიის სტრატეგია ეფუძნება ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ეკოსისტემის მასშტაბირებას – AI-ზე დაფუძნებული მრავალენოვანი პლატფორმის გაძლიერებას, საერთაშორისო საუნივერსიტეტო პარტნიორობების გაფართოებასა და ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრებას. რატი ქირიასა და მისი გუნდის მაგალითი მკაფიოდ ადასტურებს, რომ როდესაც ინოვაცია, ცოდნა და მკაფიო ხედვა ერთიანდება, საქართველოდან დაწყებულ პროექტებს გლობალური ფინტექ-განათლების დღის წესრიგის შეცვლა შეუძლია.